ოკეანის დაბინძურება |
ჰაერის დაბინძურება |
როდესაც კლიმატის ცვლილება და საწვავის ზღვარს გადაჭარბებული მაჩვენებელი განიხილება, გარემოს დაბინძურების გავლენა ადამიანებზე და ბუნებაზე გარდაუვალია. ყოველ წელს სულ უფრო და უფრო მეტი წყალი ბინძურდება, იკარგება ბუნებრივი ლანდშაფტი და ცხოველები ზიანისა და გადაშენების საფრთხის წინაშე დგანან. ბიომრავალფეროვნების დაკარგვა ზრდის დაავადების გაჩენის რისკს, ასევე უფრო სწრაფად ხდება ადამიანების მიერ გარემოს დაბინძურება, ვიდრე მისი აღდგენა.
რატომ ანაგვიანებენ ადამიანები?
ადამიანებს დანაგვიანება სიზარმაცისა და დაუდევრობის გამო დროთა განმავლობაში ჩვევად ექცათ. ისინი მიეჩვივნენ, ნებისმიერ ადგილზე დაუფიქრებლად დაყარონ ნარჩენი. უამრავი ადამიანი ვერ იაზრებს, ან არასწორად აფასებს საკუთარი ქმედებით გარემოს დაბინძურების უარყოფით შედეგებს და მიაჩნიათ, რომ მათი ქცევა, როგორც ცალკეული პირების ქცევა, გავლენას არ ახდენს საერთო სურათზე, მათ მიერ ქუჩაში ნაგვის დაყრა საერთო მდგომარეობას უარესობისკენ ვერ შეცვლის. ხშირად ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივ ადგილებს შესაფუთი მასალით, სიგარეტის ნამწვით ან სხვა ნარჩენით ანაგვიანებენ. ასეთი ადამიანების უმეტესობა მიიჩნევს, რომ მათ მიერ დაყრილი ნარჩენი სხვამ უნდა აკრიფოს, ამიტომაც დაბინძურების მთელი ტვირთი, როგორც წესი, სახელმწიფოსა და გადასახადების გადამხდელებს აწვებათ. ამდენად, საზოგადოებრივ ადგილებზე ზრუნვის პასუხისმგებლობის ნაკლებობა ან სრული არქონა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა.
დანაგვიანების შედეგები
დანაგვიანება უარყოფითად მოქმედებს გარემოზე – იქნება ეს დანაგვიანება გზებზე, ქუჩებში თუ ნაგვის კონტეინერების მიმდებარედ. წყლის მეშვეობით მომწამვლელი ნაწილაკები ნარჩენებიდან ადვილად გადადის მდინარეებში, ტყის ტერიტორიებზე, ტბებსა თუ ოკეანეებში, რაც საბოლოოდ ნიადაგისა და წყლის გარემოს დაბინძურებას იწვევს. ბოლო მონაცემებით, მსოფლიო ოკეანეებში ყოველწლიურად 7 მილიარდი ტონა ნარჩენი ჩაედინება და მის უმეტეს ნაწილს პლასტმასა შეადგენს, რომლის დაშლას ასეულობით წელი სჭირდება. დანაგვიანება ასევე აბინძურებს ჰაერს, ნარჩენებიდან სუნისა და მავნე ნივთიერებების გამოყოფის შედეგად. დაბინძურებულმა გარემომ კი შესაძლოა, ხელი შეუწყოს დაავადებების გავრცელებას. ნარჩენებში არსებულმა მომწამვლელმა ქიმიკატებმა და დაავადების გამომწვევმა მიკროორგანიზმებმა შეიძლება გამოიწვიონ წყლის სისტემის დაბინძურება და საფრთხე შეუქმნან იმ ადამიანებისა და ცხოველების ჯანმრთელობას, რომლებიც მოიხმარენ დაბინძურებულ წყალს.
პრობლემის გადაჭრის გზები
დანაგვიანების შედეგად წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის საუკეთესო, იდეალური გზა საზოგადოების თითოეული წევრის მიერ საკუთარი წილი პასუხისმგებლობის გააზრება, საკუთარ თავზე აღება და ნარჩენების სწორად განთავსება იქნებოდა. თუმცა, თუ მოსახლეობას მოეთხოვება, რომ არ დაანაგვიანოს გარემო, მეორე მხრივ, შესაბამისმა უწყებებმა ამისთვის საჭირო პირობები უნდა უზრუნველყონ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ზომები, რათა ნარჩენების ეფექტიანი განკარგვისათვის ნარჩენების შეგროვების საკმარისი რაოდენობის კონტეინერი განთავსდეს შესაბამის ადგილებში – ქალაქის ცენტრში, სავალ ბილიკებთან, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ავტობუსების გაჩერებასა და სწრაფი კვების ობიექტებთან. ეს უფრო მოსახერხებელს გახდის ნარჩენების შეგროვებასა და მის მართებულად განკარგვას. ამასთან, კონტეინერების გადავსებით გამოწვეული პრობლემების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მათი რეგულარული დაცლის უზრუნველყოფა.
No comments:
Post a Comment